ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ღია წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს

2 ივლისი 2015

ქალბატონო ნინო,

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოვხატავ დიდ პატივისცემას თქვენი პიროვნების მიმართ, ვაფასებ თქვენს პროფესიონალიზმს და წესიერებას.

ქალბატონო ნინო,

საკასაციო სასამართლოს წარმოებაშია  ს.ს.ი.პ. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საკასაციო საჩივარი ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის გამო.  პირდაპირ ანომალიურია ის ფაქტი, რომ  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის საკასაციო საჩივრის  განხილვა დაეწერა მოსამართლე ლევან მურუსიძეს, რომელმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ –ის  პირდაპირ ეთერში, 2015 წლის 23 ივნისს გადაცემაში ,,არჩევანი“   წინასწარ გამოთქვა აზრი მსგავს დავებთან დაკავშირებით, რაც არის სამართლიანი სასამართლოს უფლების პირდაპირი დარღვევა ადვოკატთა ასოციაციასთან მიმართებაში.  ლევან მურუსიძემ 2013 წლის 16 მაისს მონაწილეობა მიიღო ანალოგიური დავის განხილვაში და ადვოკატთა ასოციაციის საკასაციო საჩივარი   მიიჩნია დაუშვებლად. მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს ანალოგიურ საქმეებთან მიმართებაში არ ჰქონდა დადგენილი სასამართლო პრაქტიკა და არ ჰქონდა განხილული არცერთი ანალოგიური საჩივარი, ლევან მურუსიძე ვალდებული იყო განეხილა ადვოკატთა ასოციაციის საკასაციო საჩივარი, ვინაიდან ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები არაერთგვაროვან პრაქტიკას ამკვიდრებდნენ ანალოგიურ დაქვებთან მიმათებაში.  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მსგავსი ხასიათის დავებზე არსებული საქმეები მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ლევან მურუსიძემ, რომ იცოდა საერთო სასამართლოების მხრიდან გამოტანილი სავარაუდოდ 31 გადაწყვეტილების თაობაზე ანალოგიურ დავებთან მიმართებაში,  მან დაადასტურა ასევე,  ტელეკომპანია „რუსთავი 2“ –ის  პირდაპირ ეთერში 2015 წლის 23 ივნისს გადაცემაში ,, არჩევანი’’.  

წინამდებარე განცხადებით, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო პროკურატურის გამოცდაჩაბარებულ პირთა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.  

 

,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის, მე-11 პუნქტის მიხედვით, ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა ძალას კარგავს, თუ პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის, მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი იმპერატიულად კრძალავს პირის ასოციაციაში გაწევრიანებას, თუ ტესტირების თარიღიდან გასულია 7 წელი, რასაც ადგილი ჰქონდა სადავო შემთხვევებში. ამდენად, აღმასრულებელმა საბჭომ მიიჩნია, რომ თუ ,,ადვოკატთა შესახებ“  კანონის ეს მოთხოვნები  თანაბრად არ გავრცელდება პროკურორებზეც, ადვოკატები აღმოჩნდებიან  აშკარა დისკრიმინაციულ  მდგომარეობაში  და უკვე ადვოკატებთან მიმართებაში დაირღვევა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის  მე-14 მუხლი, საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის  და ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონების შესაბამისი დებულებები. პირდაპირ ანომალურია ის ფაქტი, რომ სასამართლოები ანიჭებენ  პროკურორებს პრიორიტეტს,  ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების შემთხვევაში, რაც დაუშვებელია და ვნებს სასამართლოს ავტორიტეტს.

მინდა მოგახსენოთ, რომ სასამართლოები არაერთგვაროვნად განმარტავდნენ  კანონს, კერძოდ,  2013 წელს 20 თებერვლის სააპელაციო სასამართლოს  განჩინების საქმეზე 3ბ/170-13 თანახმად, მოსამართლე-ნანა ჭიჭილეიშვილმა, თეა ძიმისტარაშვილმა და თეა თადაშვილმა განმარტეს, რომ ,,სხვა საკანონმდებლო აქტები რა გვარადაც არ უნდა წყვეტდნენ ხანდაზმულობის საკითხს მოსამართლის ან პროკურატურის მუშაკის საკვალიფიკაციო გამოცდასთან მიმართებაში,  როდესაც საქმე ეხება ,,ადვოკატთა შესახებ" კანონის თანახმად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, პირის გაწევრიანების საკითხს, ამ უკანასკნელთან დაკავშირებული ურთიერთობები უპირველეს ყოვლისა უნდა დარეგულირდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით - ,,ადვოკატთა შესახებ" კანონით”.

2013 წელს (26 თებერვალი) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ ლომიძემ, ქეთევან დუგლაძემ და ნათია ქუთათელაძემ, № 3/ბ-174-13 საქმეზე განმარტეს, რომ ,,ვინაიდან კანონმდებელი გამოცდებს მოიხსენიებს განსხვავებული ტერმინებით (ტესტირება და საკვალიფიკაციო გამოცდა), არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ გარკვეული ვადა, რომელსაც კანონმდებელი აწესებს ადვოკატთა ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელ მოწმობაზე, უპირობოდ უნდა გავრცელდეს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატზეც, წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გამოცდების განსხვავებული ტერმინებით მოხსენიება საფუძველს მოკლებული იქნებოდა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის განჩინების თანახმად საქმე №3ბ/435-15 სააპელაციო სასამართლომ შემდეგი შემადგენლობით–ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე), ქეთევან დუგლაძე და მერაბ ლომიძე, განმარტა, რომ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ 7 წლიანი ვადის დადგენით კანონმდებელმა ივარაუდა, რომ პირი, რომელმაც გაიარა ტესტირება (ან ჩააბარა გამოცდა), ტესტირების გავლიდან 7 წლის მანძილზე ინარჩუნებს პროფესიულ ცოდნას და ასეთი პირი 7 წლის მანძილზე ნებისმიერ მომენტში მზად არის შეუდგეს თავის პროფესიულ საქმიანობას (ანუ გახდეს ადვოკატი) და თუკი ტესტირებაგავლილი პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის მანძილზე არ ხდება ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ანუ არ ხდება ადვოკატი (ან გამოცდაჩაბარებული პირი არ ხდება პროკურატურის მუშაკი ან მოსამართლე), ეს ნიშნავს, რომ პირი, როგორც პრაქტიკოსი იურისტი არ მუშაობს თავისი პროფესიით, არ აქვს საადვოკატო (სამოსამართლეო ან საპროკურორო) პრაქტიკა, ანუ არ იყენებს ტესტირებასთან დაკავშირებულ შეძენილ პროფესიულ ცოდნას, სისტემატურად არ იმაღლებს კვალიფიკაციას, არ იძენს და არ ასრულებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც განაპირობებს იმას, რომ ტესტირების გავლიდან 7 წლის შემდეგ ტესტირების მოწმობა კარგავს თავის იურიდიულ ძალას.

გასული წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ არაერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისას სააპელაციო სასამართლო სხვადასხვა სამართლებრივ დასაბუთებას ამყარებდა გადაწყვეტილებების გამოტანისას, რომელიც ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებებს ეხებოდა, ხოლო რაც ყველაზე სამწუხაროა, 2013 წელს უზენაესმა სასამართლომ სხვა საკასაციო საჩივარზე საერთოდ მნიშვნელოვნად არ ჩათვალა აღნიშნული საკითხი და არსებითადაც კი არ იმსჯელა მასზე.

ქალბატონო ნინო,

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ვატარებთ გამოცდებს წელიწადში ორჯერ ყოფილ პროკურორებს შეეძლოთ გასულიყვნენ გამოცდაზე და გაწევრიანებულიყვნენ ადვოკატთა ასოციაციაში, მაგრამ არცერთი პირი არ გავიდა გამოცდაზე, მხოლოდ  მანანა   მოსულიშვილმა შემოიტანა საბუთები,  მაგრამ გამოცდაზე არ გავიდა. ისმის კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილების იმედი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე   ვთვლი,  რომ  ყოფილმა სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებმა უნდა ჩააბარონ  ადვოკატის გამოცდა,   შეიძინონ   ადვოკატის  უნარ - ჩვევები და ისე  უნდა   გაწევრიანდნენ  ადვოკატთა  ასოციაციაში.

მოგახსენებთ, რომ სსსკ-ს 3911 მუხლის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას თუ ჩათვლის, რომ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი მართლაც წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ შემთხვევას და საქმე რთული კატეგორიისაა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ პროკურატურის გამოცდაჩაბარებული პირის ირაკლი კობიძის გაწევრიანებასთან დაკავშირებული დავა განხილულ იქნას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაზე, რათა მოხდეს კანონის სწორი განმარტება და ამ საკითხზე დამკვიდრდეს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კასატორი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ერთადერთ ადვოკატთა პროფესიულ გაერთიანებას, რომელიც კანონის საფუძველზე მოქმედებს და ანხორციელებს ესოდენ მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორიცაა პროფესიაში მიღება, ამასთანავე, თავის მხრივ ადვოკატს ხარისხიანი მართლმსაჯულების შექმნაზე აკისრია პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ველით საკითხისადმი შესაბამის მიდგომას საქართველოს უზენაესის სასამართლოს მხრიდან და მიმდინარე კატეგორიის სამართლებრივ საკითხებზე ყოველგვარი შემდგომი სპეკულაციის გამორიცხვის მიზნით, საკითხზე ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით დიდი პალატის ჩართულობით საკასაციო საჩივრის განხილვას.

 

პატივისცემით,

ს.ს.ი.პ. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე

ზაზა ხატიაშვილი                             

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი